სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და მის პარტნიორ ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ევროკავშირის პროექტი ერასმუს+ ფარგლებში მედიაცია: ტრენინგი და სოციალური ტრანსფორმაცია.
ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა ირაკლი ფოფხაძემ და ნიდერლანდების ბიზნეს აკადემიის რექტორმა იან ვან ზვიეტენმა.
ღონისძიება გაიმართა პანელურ დისკუსიის რეჟიმში, რომელიც დასრულდა ნიდერლანდების ბიზნეს აკადემიის წარმომადგენლების ვორქშოფით: მედიაციაში პრაქტიკული უნარების შესახებ ქართველი მედიატორებისთვის.
პანელური დისკუსიის პირველი ნაწილს, რომელსაც მოდერირებას უწევდა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, დაეთმო თემას, საქართველოში მედიაციის განვითარებას და შედარებითი ტენდენციებს უკრაინაში, აზერბაიჯანში და ევროკავშირში. აღნიშნულ პანელში მონაწილეობა მიიღეს მედიატორმა მარიონ კუიპერსმა ნიდერლანდების ბიზნეს აკადემიის წარმომადგენელმა და ალიდა მაჰმუდოვმა აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტის მედიაციის პრინციპების ინსტრუქტორმა.
პანელური დისკუსიის პირველი ნაწილი დასრულდა საერთაშორისო თანამ-შრომლობით - მემორანდუმის გაფორმებით საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ნიდერლანდების მედიაციის ფედერაციას შორის.
პანელური დისკუსიის მეორე ნაწილს - სასამართლოების როლი მედიაციის განვითარებაში, მოდერირებას უწევდა Caissa Law-ის მმართველი პარტნიორი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უჩა ძიმისტარიშვილი, ხოლო აღნიშნულ თემაზე მოხსენება წარმოადგინეს - დოქტორმა ნათია ჩიტაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და ლაშა კალანდაძემ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრმა, დავის ეფექტური გადაწყვეტის ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტებულმა მედიატორმა და ყოფილმა მოსამართლემ.
პანელური დისკუსიის მესამე ნაწილი დაეთმო საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს მედიაციის განვითარებაში, რომელსაც მოდერირებას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დავით მაისურაძე. აღნიშნულ პანელში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და მედიატორებმა, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა და მედიატორმა ანა ხურციძემ, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა მედიატორმა სოფიო ჩაჩავამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა.
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მიესალმება და მხარს უჭერს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას. ამგვარი ღონისძიებების განხორციელებით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის გამოცდილი პრაქტიკის გაზიარებით ხელი ეწყობა ერთის მხრივ მედიატორებში კვალიფიკაციის ზრდას და მეორეს მხრივ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.