ENG

რა არის მედიაცია?

მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას.
თავად მედიატორი ნეიტრალური პირია, რომელიც მხარეებს ეხმარება მათი ინტერესების გამოვლენასა და სადავო საკითხზე შეთანხმების მიღწევაში. ამასთან, მედიატორი ხელს უწყობს მხარეთა შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს შეთანხმების მისაღწევად საჭირო გარემოს.
უშუალოდ მედიაციის პროცესი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს განიხილონ სადავო საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვები და იმსჯელონ ისეთ გამოსავალზე, რომელიც თითოეული მათგანისთვის მისაღებია. შესაბამისად, მედიაციის პროცესში, არ არსებობს დამარცხებული მხარე, ვინაიდან, საბოლოოდ, ყველა გამარჯვებულია. სასამართლოსა და არბიტრაჟისგან განსხვავებით, მედიაციის პროცესში გადაწყვეტილებას თავად მხარეები იღებენ. უფრო მეტიც, მედიაციის პროცესი მხარეთა პროცესია და სრულად არის მორგებული მხარეთა საჭიროებებზე. პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმება, რომლითაც კონფლიქტი სრულად ან ნაწილობრივ დასრულდება მიიღება სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით.
გარდა იმისა, რომ მედიაცია კონფიდენციალური და ნებაყოფლობითი პროცესია. სესიები ტარდება ნეიტრალურ და ნაკლებად ფორმალურ სივრცეში, სადაც მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი საჭიროებები და ინტერესები, განიხილონ საკითხის მოგვარების მათი ხედვები მათთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნებისა და კონფლიქტის ეფექტიანი მოგვარების მიზნით.
მედიაციის პროცესი, როგორც წესი, გულისხმობს მხარეებსა და მედიატორს შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება მოიცავდეს ერთ ან მეტ კონფიდენციალურ სესიას - კერძო შეხვედრას. კერძო შეხვედრები იმართება ცალკეულ მხარესა და მედიატორს შორის, რომლის დროსაც მოქმედებს დამატებითი კონფიდენციალობის გარანტიები.
მედიაციის დროს მხარეებს შეუძლიათ ჰყავდეთ წარმომადგენელი. წარმომადგენლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მხარეები მორიგებით ასრულებენ დავას და მათ შორის დგება წერილობითი სამედიაციო შეთანხმება. სამედიაციო შეთანხმების შესრულება შესაძლებელია ნებაყოფლობით ან სავალდებულო აღსრულების წესით. სამედიაციო შეთანხმებას შეიძლება სასამართლოს გადაეცეს დასამტკიცებლად მასზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით.
მედიაციის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ დავა განაგრძონ სასამართლოსა ან არბიტრაჟში.


 

 



 

როგორ მუშაობს

F.A.Q.

რა არის მედიაცია?

„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მედიაცია - პროცესია, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის  საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით. 

რა არის სავალდებულო მედიაცია?
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, მოსამართლე წინასწარ აფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე გადასცემს სასამართლო მედიაციას შემდეგი კატეგორიის საქმეებს: 
  • საოჯახო სამართლებრივ, გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებთან დაკავშირებულ საქმეებს;

  •  სამემკვიდრეო და სამეზობლო სამართლებრივ დავებს;

  • შრომით სამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;

  • საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საქმეებს;

  • ქონებრივ დავებს, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება;

  • საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე საქმეებს, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება; და

  • არაქონებრივ დავებს.

 
რა არის სასამართლო მედიაცია?
სავალდებულო მედიაციას დაქვემდებარებული დავების გარდა სხვა ნებისმიერ დავაზე ან/და იმშემთხვევაში, თუ მხარეთა შორის სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, სასამართლო მედიაცია არასავალდებულოა და საქმე სასამართლო მედიაციას გადაეცემა მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.  
რა არის კერძო მედიაცია?
კერძო მედიაცია, მხარეთა მიერ სარჩელის წარდგენის გარეშე, მათივე ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, მედიატორისთვის საქმის გადაცემას გულისხმობს.  
რა უპირატესობა აქვს მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაჭრის გზის, გამოყენებას?
  • ეფექტიანობა და ნაკლებდანახარჯიანობა - მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული გადაჭრის გზა, სასამართლოსთან შედარებით სწრაფი და ნაკლებდანახარჯიანია.
  • შედეგზე კონტროლის შესაძლებლობა - სასამართლოსგან განსხვავებით, ვინაიდან მედიაციის პროცესში თავად მხარეები იღებენ გადაწყვეტილებებს, მხარეთათვის არასასურველი შედეგის დადგომის რისკი, მინიმუმამდეა დაყვანილი.
  • კონფიდენციალობა - გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო სხდომათა უმრავლესობა საჯაროა, მედიაციის პროცესის კონფიდენციალობა ბევრი მხარისთვის მიმზიდველია.
  • მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნების პოტენციალი - უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია დავის გადაწყვეტის შემდგომ შეინარჩუნონ მათთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები. მედიაციის გამოყენებას კი, განსხვავებით სასამარლო პროცესისგან, მხარეთა შორის ურთიერთობების შენარჩუნების დიდ პოტენციალი აქვს.