მორის გიგაური – მედიატორი 2026 წლიდან
იურისტი, სამართლის მაგისტრი,ამჟამად არის „ბიდიო ლეგალის“ იურისტი.
ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს (ორივე პროგრამა დაასრულა წარჩინებით). მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა მედიაციისა და არბიტრაჟის კომბინირებულ გამოყენებას (ე.წ. Med-Arb, Arb-Med, Med-Arb-Med და სხვ.) დავების გადაწყვეტის პროცესში და წარმოადგენს აღნიშნულ თემაზე ერთ-ერთ პირველ ქართულ აკადემიურ ნაშრომს.
პროფესიული განვითარების ფარგლებში, მორის გიგაურმა წარმატებით გაიარა არაერთი საერთაშორისო და სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა, მათ შორის მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებული კურსი ევროკავშირის ციფრული ტექნოლოგიების სამართალში (2024–2025). ასევე გავლილი აქვს ევროპის საბჭოს HELP პროგრამის კურსი „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს შესახებ შესავალი“ (Introduction to the ECHR and the ECtHR). დამატებით, გავლილი აქვს სპეციალური კურსი „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ (საქპატენტი), ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პროგრამებში, მათ შორის ფულის გათეთრების პრევენციის მიმართულებით (BDO, 2025; PwC, 2022). მას ასევე ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია).
მორის გიგაურს აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სამართლის სფეროში. 2022 წლიდან მუშაობს იურისტად „ბიდიო ლეგალში“ (BDO საქართველო), სადაც უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივ მხარდაჭერას კერძო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ასევე არის სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი (2023 წლიდან), სადაც ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.
გარდა ამისა, მას აქვს არბიტრაჟში მუშაობის გამოცდილება - საქმიანობდა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში („სამართლიანი არბიტრი“), სადაც ჩართული იყო დავების ადმინისტრირებაში, მხარეებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი საპროცესო პროცესების უზრუნველყოფაში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური